„თავისუფლების ხმა ციხიდან“ – ეს გაზეთი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბეჭდური გამოცემა. ეს არის სიმართლის გამავრცელებელი ხმა, გმირობისა და ბრძოლის ქრონიკა - ისტორია ქალებისა და კაცების, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
გაზეთში იბეჭდება პოლიტპატიმრების წერილები და მათი ოჯახის წევრების გულწრფელი გზავნილები საქართველოს მოქალაქეებისადმი. თითოეული სიტყვა მკითხველს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს ის ტკივილი, სიმტკიცე და იმედი, რომელიც მათგან მოედინება.
პროექტის ავტორები და ინიციატორები: მედეა მეტრეველი, ანა გოგოლაძე, ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, თეონა ჭალიძე.
,,მოგესალმებით, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა. ციხე მხოლოდ ფიზიკური საპყრობილეა, რასაც არ ძალუძს ჩვენი თავისუფალი სულების დაოკება. განვაგრძობთ ბრძოლას გისოსებიდან. ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის ხმა რომლის თქვენამდე მოწვდენაც გადავწყვიტეთ გაზეთის ფორმით.
გაზეთი "საკანი 101"-ის მიზანია საზოგადოებაში გააღვივოს ეროვნული და ევროპული ცნობიერება. ასევე, ვაჩვენოთ გისოსებს მიღმა მყოფ ჩვენს თანამებრძოლებს, რომ აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას და ყველაზე მძიმე ჟამსაც კი, მათ გვერდით ვართ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი ფიცისა და ვაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის. გაუმარჯოს ჩვენს სახელმწიფოს!”
,,საკანი 101 - თავისუფალი გაზეთი“ - გახლავთ პოლიტპატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მიერ ციხეში შექმნილი გაზეთი, რომელიც თავისთავად გახლავთ წინააღმდეგობრივი, რევოლუციური და ინფორმაციული.